სწრაფი, მტკიცე და შეუპოვარი – ეს სიტყვები ზუსტად აღწერს იმ ქალებს, რომლებმაც 47 წლის წინ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალეს. 1978 წლის მიწურულს, პირველი პარიზ-დაკარის რალის დასაწყისში, სტარტზე 182 მანქანა დადგა, მათ შორის – 90 მოტოციკლი. 10,000 კმ-იანი გიჟური რბოლის შემდეგ, მხოლოდ 74 მონაწილე მიადგა ფინიშს – აქედან 34 მოტოციკლიანი მრბოლელი. ამ ისტორიაში კი სამუდამოდ ჩაიწერა შვიდი ქალის სახელიც...
ყველამ, ვისაც ექსტრემალური რბოლები იზიდავს, კარგად იცის, რომ დაკარის რალი მხოლოდ რბოლა არ არის – ეს არის გამძლეობის, გამბედაობისა და შეუპოვრობის ნამდვილი გამოცდა. აქ მონაწილეობა ნიშნავს მზადყოფნას, დაუპირისპირდე უკიდურეს პირობებს, სადაც თითოეული კილომეტრი სირთულესა და მოულოდნელ საფრთხეს შეიცავს.
1978 წელს, როდესაც ეს ლეგენდარული რბოლა პირველად გაიმართა, მრბოლელებს პარიზიდან სენეგალის დედაქალაქ, დაკარამდე, თითქმის 10,000 კილომეტრი უნდა გაევლოთ. ქვიშის ქარიშხლები, ტექნიკური პრობლემები და ფიზიკური გამოფიტვა გზის განუყოფელი ნაწილი იყო. მონაწილეებს წინ სტრატეგიის, გამძლეობისა და დაუღალავი ნებისყოფის გამოცდა ელოდათ.
და აი, ასე, 1978 წლის პირველი პარიზ-დაკარის რალი უკომპრომისო ბრძოლად იქცა ყველა იმ მრბოლელისთვის, ვინც უდაბნოს გამოწვევების დაძლევას შეეცადა. მაგრამ იმ დროს, როცა მოტოსპორტში ქალების არსებობა თითქმის წარმოუდგენელი იყო, შვიდმა ფრანგმა ქალმა გადაწყვიტა, რომ ეს შეხედულება უნდა შეეცვალათ. ისინი არ გაჩერებულან არც საზოგადოების სკეპტიციზმისა და არც ექსტრემალური პირობებისა წინაშე – და ასე, პირდაპირ ისტორიაში შეაბიჯეს.
მათი გზა მარტივი არ ყოფილა. მაშინ, როცა დღევანდელ მრბოლელებს თანამედროვე GPS-ები, გაუმჯობესებული უსაფრთხოების აღჭურვილობა და სრულყოფილი ტექნიკური მხარდაჭერა აქვთ, 1978 წელს ყველაფერი ბევრად უფრო რთულად იყო. ქვიშის ქარიშხლები, გაუთავებელი ტექნიკური პრობლემები, უკიდურესი სიცხე და უგზოობისგან გამოწვეული დეზორიენტაცია მათი ყოველდღიური რეალობა იყო. მათ მხოლოდ რუკებით, კომპასებითა და შეუპოვრობით უნდა ეპოვათ გზა ფინიშისკენ.
მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, მარტინ დე კორტანზმა (#41) მოახერხა შეუძლებელი – მან ფინიშის ხაზი გადაკვეთა და პირველი ქალი გახდა, რომელმაც დაკარის რბოლა წარმატებით დაასრულა. იგი მე-19 ადგილზე გავიდა, უკან ჩამოიტოვა 55 სხვა მრბოლელი და დაამტკიცა, რომ ქალი ისეთივე კონკურენტუნარიანია, როგორც ნებისმიერი სხვა მრბოლელი.
მარი ერტომ (#29) უკიდურესი სირთულეების მიუხედავად, Yamaha 500 XT-ით 34-ე ადგილი დაიკავა. მოტოციკლი მისთვის ზედმეტად მძიმე და მოუხერხებელი იყო, რაც მართვას ურთულებდა, თუმცა მან გაუძლო ფიზიკურ და ტექნიკურ გამოწვევებს და ფინიშამდე მიაღწია.
პასკალ გერიემ (#42) ასევე ბოლომდე იბრძოლა და 45-ე ადგილზე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ გზად არაერთხელ მოუხდა მექანიკური პრობლემების გადალახვა და ექსტრემალურ პირობებთან შეგუება.
დანარჩენმა ოთხმა მრბოლელმა – კრისტინ მარტინმა (#43), მარტინ რენიემ (#88), მარი-დომინიკ კუზენმა (#44) და კორინ კოპენჰაგმა (#1) – ვერ შეძლეს ფინიშის ხაზის გადაკვეთა, მაგრამ მათმა შეუპოვრობამ და დაუღალავმა ბრძოლამ სამუდამოდ შეცვალა მოტოსპორტის ისტორია. კოპენჰაგმა, მიუხედავად მოტოციკლით მიღებული მძიმე ტრავმისა, 10 საათი განაგრძო რბოლა მოტეხილი ფეხით, სანამ საბოლოოდ შეჩერება არ მოუწია, ხოლო კრისტინ მარტინის Honda 250 XLS მოტო გზაზე დაზიანდა, რაც მისთვის შეჯიბრის დასრულებას ნიშნავდა.მაგრამ, აქ ისტორია არ დასრულებულა – ყველა მათგანი დაბრუნდა დაკარზე მომდევნო წლებში და კვლავ შეეჭიდა უდაბნოს მკაცრ გზებს. მათ კვალზე კი მომდევნო წლებში, სხვა ქალი რაიდერებიც გამოჩნდნენ:
1998 წელს იუტა კლაინშმიდტმა დაკარის რალის ერთ-ერთი ეტაპი მოიგო, ხოლო 2001 წელს ის პირველი ქალი გახდა, რომელმაც მთლიან შეჯიბრში გაიმარჯვა და სახელი მოტოსპორტის ისტორიაში სამუდამოდ დატოვა.
1978 წელს შვიდმა გაბედულმა ქალმა პირველებმა გაკვალეს გზა მომავალი თაობებისთვის, დაამტკიცეს, რომ მოტოსპორტში ქალებსაც აქვთ ადგილი და შთააგონეს ისინი, ვინც მათ კვალს გაჰყვებოდა. დღეს კი კიდევ უფრო მეტი ქალი ამსხვრევს სტერეოტიპებს, იპყრობს გზებს და აჩვენებს, რომ სიჩქარე, გამბედაობა და წარმატება გენდერზე დამოკიდებული არ არის.