ჯაბას ტური – მთელი ევროპა ჩვენ ვიქნებით
April 22, 2019
დიახ მეგობრებო, ეს მე ვარ ე.წ სკუტერ-მოგზაური - 10 თებერვალს თბილისიდან წავედი ლისაბონის მიმართულებით სამხრეთ ევროპის გავლით და უკან დავბრუნდი ჩრდილოეთ ევროპის გავლით 13 აპრილს - გავიარე 21 ქვეყანა, 15000 კმ, ვნახე უამრავი დიდი თუ პატარა ქალაქი, ღირშესანიშნაობები, შევხვდი უამრავ მოგზაურს, რომლებიც მოგზაურობდნენ თვითმფრინავით, ავტობუსით, მანქანით, მოტოციკლეტით, ველოსიპედით და თქვენ წარმოიდგინეთ ფეხითაც კი (ეს უკანასკნელი მოგზაურობის სტილი ნამდვილ გაოცებას იწვევს ჩემში - ბრავო!).
მოდი ვთქვათ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და დავსვათ საჭირო კითხვები:
საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, ხორვატია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ისევ ხორვატია, სლოვენია, იტალია, საფრანგეთი(სამხრეთ ნაწილი), ესპანეთი(ცენტრალური ნაწილი), პორტუგალია, ესპანეთი (ჩრდილოეთ ნაწილი), საფრანგეთი(ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი), ბელგია, ჰოლანდია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, უნგრეთი, სერბეთი, ბულგარეთი და ისევ თურქეთის გავლით საქართველოში - ესაა იმ ქვეყნების ჩამონათვალი რაც გავიარეთ და რასაც დასჭირდა დაახლოებით 2 თვე.
გადაადგილებისთვის ვიყენებდით მხოლოდ დღის სინათლეს, დღიურად გავდიოდით საშუალოდ 300 კმ-ს, ვისვენებდით საათში ერთხელ და ამ ყველაფრისთვის საკმარისი იყო 5-6.5 საათი. იყო თუ არა მოგზაურობის დროს პრობლემა მოპედთან დაკავშირებით? დიახ, ასეთი შემთხვევა 2-ჯერ იყო - პირველი როდესაც საბურავი დაზიანდა და სათადარიგო საბურავით შევცვალე და - მეორე, როდესაც კარბურატორის გაწმენდა გახდა საჭირო. ჩემდა საბედნიეროდ ორივე შემთხვევაში სახელოსნო ახლოს იყო და არ მომიწია სკუტერის ხელით ტარება დიდ მანძილზე. ვიღლებოდი თუ არა? რა თქმა უნდა ვიღლებოდი, მაგრამ დღის ბოლოს როდესაც ვნახულობდი ამა თუ იმ ქალაქის ღირშესანიშნაობებს, ვათვალიერებდი ქუჩებს, სახლებს, ვგრძნობდი ცხოვრების სტილს და ყოველდღე რაღაც ახლის აღმოჩენაში ვიყავი - ეს მანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას და ვივსებოდი ენერგიით.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ჰონდა ნავიმ ვნახეთ ევროპა და ვიცით რა არის ესა თუ ის ქვეყანა. რატომ? კითხვაზე კითხვით მოგმართავთ - როდესაც ერთი ქვეყნის 3 დიდ ქალაქს მაინც ნახავთ - ალბათ იტყვით რომ იცით ეს ქვეყანა უკვე ხომ?! აი მე და ჰონდა ნავიმ ვნახეთ თითოეული ქვეყნის დიდი ქალაქები, პატარა ქალაქები, სოფლები, მცირე დასახლებები; მეტსაც გეტყვით - გვახსოვს და ვიხსენებთ თითოეულ მოსახვევს, ასფალტის საფარს, საგზაო ნიშნანს, სახლების განლაგებას, პარკებს და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენ დეტალს. ნატვრად მქონდა, ნეტავ ვინმეს გამოგონებული ჰქონოდა ისეთი ვიდეო გადასაღები აპარატურა, რომელსაც თვალში ჩავიდგავდი და თვალის ერთ დახამხამებაზე დაიწყებდა ჩაწერას, ხოლო ორ დახამხამებაზე გამოირთვებოდა ☺ ალბათ ეგ დროც არ არის შორს.
რა შემიძლია გითხრათ კიდევ?! ვიცი რასაც გეტყვით - ის, რაც მე დავგეგმე და შევასრულე ნამდვილად არ იყო ადვილი; ადვილი, რომ ყოფილიყო ყველა მოიქცეოდა ასე ჩემამდე; მაგრამ უნდა ვთქვა ისიც - რომ ეს არ იყო რთული. მოინდომეთ, კარგად დაგეგმეთ, დაისახეთ პატარა მიზნები და ის დიდ ოცნებამდე მიგიყვანთ.